ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

რას ველოდით, რა მივიღეთ, რა ვერ გავითვალისწინეთ

/31.10.2013 დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი/.  ხვალ არჩევნებია. ხვალ ქვეყანას, სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტი ეყოლება – გიორგი მარგველაშვილი. დიდ შანსია, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სამეულში ვერც კი მოხვდეს. რატომ?  ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ თუ საჭიროება მოითხოვს. ახლა კი გავიხსენოთ თუ რა ვითარებაში მოვიდა წინა ხელისუფლება.

ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებები გამოქვეყნდა დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსის პორტალზე www.caucasus.ge ზუსტად ათი წლის წინ 

2003 წლის 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს, ანუ არჩევნებამდე ორი დღით ადრე და არჩევნების მომდევნო დღეს, იმ არჩევნებისა, რომელმაც ვარდების რევოლუციის პროვოცირება მოახდინა.რას ველოდით, რა მივიღეთ და რა ვერ გავითვალისწინეთ.

 

პოლიტიკური იმპოტენცია ანუ ჭარბი ემოციის ზეობა ინტელექტის დეფიციტის პირობებში

/31.10.2003 დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი/.  დამოუკიდებლობა მსხვერპლს რომ მოითხოვდა, ცხადია, ვიცოდით. ისიც კარგად გვესმოდა, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ თუ სამსხვერპლოზე ზნეობას, განათლებას, აზროვნებას, ერის კეთილდღეობას, ქვეყნის მთლიანობას მივიტანდით, მართალი გითხრათ, ვერ წარმოგვედგინა. ვინ იფიქრებდა, რომ თავის მიწა-წყალზე უზომოდ შეყვარებული ქართველი, რომელიც, ალბათ, ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებდა სამშობლოს გარეშე (საშინელი ნოსტალგია ტანჯავდა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო), სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით მოსწყდებოდა ქვეყანას (მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ხომ უცხოეთშია გადახვეწილი). ვინ იფიქრებდა, რომ თავმოყვარე ქართველი (შესაძლოა ამპარტავანიც კი), რომელიც, ძირითადად, მხოლოდ განათლებასა და ინტელექტტევად სამსახურზე, მაღალ წოდებებსა და თანამდებობებზე ფიქრობდა, ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის, ხშირად უღირს საქმიანობასაც არ ითაკილებდა. ვინ იფიქრებდა, რომ . . 

როდესაც უყურებ ჩვენ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას, ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ მათ უმრავლესობას არც კი სმენია ისეთი ცნებები, როგორიცაა: სამშობლო, ღირსება, ოჯახიშვილობა, რაინდული სული, პატიოსნება, განათლება, ინტელექტი, ელემენტარული ზრდილობა. ამიტომ, აღარ გვიკვირს, როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას, კითხვაზე, თუ რა არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დამახასიათებელი თვისება? გამოკითხულთა 81 %-მა (სულგამოკითხული იყო1000 რესპონდენტი ქ.თბილისში) უკიდურესად უარყოფითი თვისებები ჩამოთვალა: მომხვეჭელობა, უხამსობა, დაბალი პროფესიონალიზმი, გაუნათლებლობა, სიბრიყვე, მლიქვნელობა, მონური ფსიქოლოგია, ინტელექტის დეფიციტი, სისასტიკე, ამბიციურობა, ცრუპენტელობა. 16 %-მა არ ისურვა პასუხის გაცემა, ხოლო3 %-მა, კითხვაზე კითხვითვე გვიპასუხა: სხვა უკეთესი გვყავსო? (თითქოს, არსებული ხელისუფლების უნიათობა თავისთავად ნათელი იყო).

ასეთმა შეფასებამ, მართალი გითხრათ,  გაგვაოგნა– გამოკითხული ადამიანები  (რესპონდენტები) ფაქტობრივად აფასებდნენ საკუთარ თავს- ხელისუფლება ხომ საზოგადოების სარკეა. ნუთუ ჩვენი საზოგადოება ასე დაეცა? დილემის წინაშე დავდექით- ღირს კი შედეგების გამოქვეყნება? მაგრამ მივხვდით, ყოველ შემთხვევაში, გვინდა ვიფიქროთ,ის, რაც ზედაპირზე ჩანს, არ არის ჩვენი საზოგადოების მახასიათებელი ნიშან-თვისება! 

უმრავლესობა, ალბათ, ყოფილა ზღვაზე დაუნახავს წყნარი, თბილი, უსასრულოდ ლამაზი და გამჭვირვალე ზღვა, რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს. მაგრამ, პერიოდულად, დარს ავდარი ცვლის და ზღვაც გიჟდება, ავდება, შავდება, სიბინძურე ზედაპირზე ამოდის და ჩვენც განწყობა გვიფუჭდება, უიმედობა გვეუფლება - ასე გვგონია აღარასდროს გამოიდარებს. მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდება მზე, ჩადგება ქარი და ზღვაც დაწყნარდება. სიბინძურე დაილექება. დაიწმინდება და ისევ უსასრულოდ ლამაზი და გამჭვირვალე გახდება. ისევ სითბო და სიყვარული დაისადგურებს ჩვენს გულებში.

ამიტომ იმედი არ უნდა დავკარგოთ. აუცილებლად ამოვა მზე (ბუნება ხომ სამართლიანი და კანონზომიერია) და სიბინძურე თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება. ისევ აღზევდება ქართული გენი, ისევ ვიამაყებთ ოჯახისშვილობით, ზნეობით, განათლებით, კაცთმოყვარეობით, ინტელექტით, პროფესიონალიზმით. თუმცა, ეს ორ სამ დღეში არ მოხდება და სერიოზული ძალისხმევაც დაგვჭირდება.

ახლა კი არჩევანის წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ხელისუფლების ღირსნი ვართ. ტყუილად გონიათ მავან ხელისუფალთ, პოლიტიკოსებს (თუ ასეთები გვყავს), რომ საზოგადოება ბრიყვია და ადვილი გასაბაიბურებელი. საკუთარ იმპოტენციას, პოლიტიკურ იმპოტენციას, უხამსი გამოხტომებით, უსაფუძვლო, შეუსრულებადი დაპირებებითა და არგუმენტების ნაცვლად, ოპონენტთან მუშტების (ხშირად იარაღის) ენაზე საუბრით ფარავს.

საზოგადოება, თურმე, მშვენივრად ერკვევა ვითარებაში და ეს, 2003 წლის 25-28 ოქტომბერს, ჩვენს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმაც დაგვიდასტურა– საზოგადოებამ უარი თქვა ძალადობაზე, უხამსობაზე, ცრუპენტელობაზე. ვნახოთ რა არჩევანს გააკეთებს საზოგადოება 2 ნოემბერს (იხილეთ რუბრიკა რეიტინგი” და ჩვენი ანალიზი: 2 ნოემბერი გვაჩვენებს თუ როგორი ხელისუფლების ღირსნი ვართ

მიხეილ ხოშტარია

31.10.2003

2003 წლის 3 ნოემბერი - არჩევანი გაკეთდა, ახლა გამოჩნდება თუ როგორი ხელისუფლების ღირსი ვართ

/03.11.2003 დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი/. ჩვენი ვარაუდით,  ოპოზიციამ გაიმარჯვა! კორუფციის, ძლადობის, უზნეობის ოპოზიციამ! ხმების თავხედური გაყალბების მრავალი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლება, როგორც ჩანს, იმაზე ნაკლებს აგროვებს, რასაც ვარაუდობდა. ასე დარაზმული და ერთიანი საზოგადოება ჯერ არ გვახსოვს. დარწმუნებულნი ვართ, რომ სულ რამდენიმე დღეში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს არჩევნების შედეგებს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვეძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება, საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიას. პოლიტიკური იმპოტენტების დრო მთავრდება. ქურდების, ყაჩაღების, მკვლელების წილი პარლამენტში მცირდება.

დიახ, ოპოზიციამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა უნიათო ხელისუფლებაზე, მაგრამ ახლა ჩვენს წინ მთავარი,  სერიოზული პრობლემა დგას– გამარჯვება საკუთარ თავზე, რაც გაცილებით უფრო ძნელი იქნება!

თუ გულწრფელები ვიქნებით, თავად ოპოზიციაც არ იმსახურებს საზოგადოების სრულ ნდობას. პარტიული შემადგენლობა, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის წარსული (არცთუ შორეული), მათი მრავალი ქმედება არ იწვევს სიმპათიას და გარკვეულ ეჭვსაც ბადებს. რომ არა ხელისუფლება, რომელიც თავისი უზნეობით, დაბალი პროფესიონალიზმითა და უზომო მომხვეჭელობით, ყველას ყელში ამოუვიდა, იქნებ არც ოპოზიციას ქონოდა ასეთი მხარდაჭერა (ცხადია, ცსკოს გაყალბებული მონაცემები არ გვაქვს მხედველობაში), მაგრამ საზოგადოებას სხვა გამოსავალი არ ქონდა– ან უნდა შეგუებოდა არსებულ რეალობას ან შეეცვალა კორუფციის კარგად აწყობილი მანქანა – მან მეორე ირჩია და ეჭვი გვეპარება, იოლად დათმოს ინიციატივა. საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება (და არა პოლიტიკური პარტიები და ბლოკები, თუ გინდ ოპოზიციური), რომლის დაბადება ასე გვიხარია, აღარ დაუშვებს ქვეყნის სათავეში პოლიტიკური იმპოტენტების თარეშს.

მიხეილ ხოშტარია

03.11.2003

 

/31.10.2013 დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი/. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და ქვეყნისსათავეშიპოლიტიკურიიმპოტენტებისთარეშის არდაშევების თაობაზე, არ გამართლდა. პირიქით, ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვნად ვშორდებოდით და კომუნისტური ტიპის მონურ საზოგადოებად ვყალიბდებოდით. ის ილუზორული დემოკრატია, რაც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გვქონდა, როდესაც ქართული მედია, მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე დამოუკიდებლად იყო ცნობილი, სააკაშვილის ერთპიროვნული, თავგასული მმართველობის დროს, საკუთარი აზრის გამოთქმა არათუ მოქალაქეებს, თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირდათ.

როგორც ჩანს, ქართველები ზედმეტად ემოციური ხალხი ვართ, ეიფორიული. ასე იყო, როდესაც ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ. მაშინ მჯიღებს ვიცემდით და ემოციურად გავკიოდით, რომ არც გაზი გვინდა, არც ელექტროენერგია, არც კვება, არც . . ., ოღონდ კი დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა. ხოლო მოპოვებიდან 2–3 თვეში, ხელისუფლებას უამრავი პრეტენზია წავუყენეთ, რაც, სულ მცირე ხანში, სისხლიანი გადატრიალებით დასრულდა. თუმცა, ვერც მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიჩინა წინდახედულობა და პოლიტიკური სიბრძნე – ვერც შიდა, ვერც საგარეო პოლიტიკაში. ადვილად აჰყვა, ჩვენი ყველაზე სერიოზული მტრის, რუსეთის მიერ შემოგდებულ პროვოკაციას აფხაზეთსა და ოსეთში. მაშინ საფუძველი ჩაეყარა, ჯერ ომებს, შემდეგ კი ტერიტორიების ოკუპაციას.

სამოქალაქო ომი ყველაზე ბინძური, ყველაზე უზნეო ომია (ვითომ რომელიმე ომი შეიძლება იყოს ზნეობრივი, გარდა თავდაცვითი, იძულებითი ომისა) ყველა ომებს შორის. მან ყველა სიბინძურე, რაც კი გაგვაჩნდა, ამოატივტივა. სამწუხაროდ, ქვეყნის სათავეში, ეს სიბინძურე მოვიდა – „ტროიკის“ სახით. ამიტომ შევარდნაძის მოსვლა ქვეყნის სათავეში, ერთი შეხედვით შვებაც კი იყო. ეს იყო არჩევანი ძალიან ცუდსა და უარეს შორის. წინა ხელისუფლებისთვის დაგებული და მათი ახლომხედველობით გააქტიურებული ნაღმი, ამოქმედდა. სისხლისმღვრელი ომი და დე ფაქტო დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო მივიღეთ. ათეულობით ათასი დაღუპული საქართველოს მოქალაქე: ოსი, აფხაზი, უკრაინელი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ესტონელი, ქართველი და სხვანი, სამ ასეულზე მეტი ლტოლვილი საკუთარ მიწაზე.

ამას დაერთო უკიდეგანო კორუფცია, განუკითხაობა და . . . საქართველომ ახალი „მესიას“, სააკაშვილს მიანდო თავისი ბედი. რითიც დასრულდა უპასუხისმგებლო ამომრჩევლების (მათ შორის ჩემიც) იმედები, საყოველთაოდ ცნობილია: დე ფაქტო დაკარგული ტერიტორიების, წინასწარი განზრახვით თუ სიბრიყვით რუსეთისთვის დაკანონება, კანონების არნახული უგულველყოფა, საკუთრების უპრეცენდენტო ჩამორთმევა, ადამიანის უფლებების ცინიკური გათელვა, საყოველთაო შიშის დანერგვა, . . .

ასეთ ვითარებაში, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ჰორიზოტზე, მოქალაქეებისთვის მორიგი იმედის გამოღვიძებას გავდა. შემდეგ ყველაფერი შიშის ბორკილების მსხვრევაში და საძულველი ხელისუფლების ჩამოშორებით დაგვირგვინდა. ისევ საყოველთაო აყტკინება და . . . ერთ წელიწადში ჩვეული წუწუნი გაისმა: უმუშევრობა ვერ მოსპო, პენსიები არ მოუმატა, განათლება და ჯანდაცვა ისევ ფასიანია, დენის და გაზის ტარიფები უმნიშვნელოდ შეამცირა, ეს არ გამიკეთა, ის არ გამიკეთა. . .

სამწუხაროდ, ვერაფრით შევიგნეთ, რომ ბუნებას განვითარების ურყევი კანონები აქვს და იგი, მხოლოდ მავანთა სურვილით ვერ შეიცვლება. რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე, მის აწმყოსა და მომავალზე და ჩვენი ვალდებულებები მის წინაშე, საარჩევნო ბიულეტენის ყუთში ჩაგდებით არ სრულდება. სწორედ ამ დროს, თავად, საკუთარი ნებით ვკისრულობთ იმ ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენი რჩეულის პროგრამის, მისი დაპირებების შესრულებაზე, სამართლისა და კანონების უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, საკუთრების ხელშეუხებლობაზე,  სხვათა და სხვათაზე  მონიტორინგი, ხელისუფლების ყველა შეცდომისა და გადაცდომის სახალხო განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება ჰქვია.

ლირიული გადახვევა.   წარმოიდგინეთ, რომ ხართ ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის ან რომელიმე სპორტული გუნდის წევრი. მწვრთვნელის დანიშვნისა და კაპიტნის არჩევის შემდეგ, ორი შესაძლებლობა გაქვთ: ან თქვენც თავდადებით ითამაშოთ და დაჯაბნოთ მეტოქე ან მწვრთვნელის დავალება, კაპიტნის ვალდებულებად ჩათვალოთ და თამაშის ნაცვლად, კაპიტნის მცდელობას მიადევნოთ თვალი. მარცხის გამო კი გააკრიტიკოთ – ვერც თავდასხმაში ივარგა, ვერც დაცვაშიო. ამ აბსურდულობას ვგრძნობთ, ხოლო ზუსტად ასე რომ ვიქცევით ჩვენი დიდი, სასიცოცხლოდ აუცილებელი გუნდური თამაშის დროს – ვერა! ლირიული გადახვევის დასასრული.

დიახ, ჩვენ უნდა შევძლოთ, ჯერ მოსახლეობიდან მოქალაქეებად, ხოლო შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბება. სხვანაირად ყველა ხელისუფლება, რომელიც ახლა გვყავს და მომავალში გვეყოლება განწირული იქნება მესიად ქცევაზე, ხოლო მესიანიზმი რასაც შობს, რა ბოროტების მომტანიც არის ქვეყნისა და ხალხისთვის, ეს არაერთხელ ვიწვნიეთ. იქნებ დროა, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე.

ახლა ღამის ორი საათია. 31 ოქტომბერი თენდება. რომ გათენდება – არჩევნებია. ამ დღეს ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს და კარგად უნდა დავფიქრდეთ არჩევანზე, იმ პროგრამაზე, რომლის შესრულებაზე ჩვენც ვიღებთ ვალდებულებას. უნდა შევიკავოთ ემოციები და ცივი გონებით განვსაჯოთ, რა უფრო მნიშვნოლოვანი იქნება ქვეყნითვის. მერე რა, რომ გასხვავებული მოსაზრებები გვექნება. ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ოღონდ არგუმენტებით, ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, სამოქალაქო საზოგადოებად ვყალიბდებით. 

წარმატებებს გისურვებთ თანამემამულეებო, ყველას, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა იყოთ!

 

მიხეილ ხოშტარია

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო

ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე,

პორტალის www.caucasus.g  დამფუძნებელი დირექტორი

31.10.2013

რედაქტორის სვეტი