ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს!

ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს!
კიდევ ერთხელ საზოგადოებრივი განათლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობის აუცილებლობის შესახებ
(21.01.2013 “რედაქტორის სვეტი”) „ბავშვი რატომ ტირისო“? – „გასდის და იმიტომო“!  საერთოდ ადამიანი, ბავშვიც და ზრდასრულიც, იქცევა ისე, როგორც ამის ნებას ოჯახი, სასწავლებელი, მეზობლები, მეგობრები, კოლეგები, გარემო აძლევს. ეტყობა გამჩენმა ისე შექმნა სამყარო, რომ ყოველი ცოცხალი არსება, ისიც კი, რომელიც არა ინტელექტით, არამედ ინსტიქტებით იმართება, ანალოგიურად იქცევა.
 
ინგლისური ტოი ტერიერის ჯიშის ერთი წლის ლეკვი მყავს. მშვენიერი თვისებები აქვს, უაღრესად მოყვარული, ცოცხალი და „ჭკვიანი“ არსებაა. ცხადია, სიცელქით, რაღაც „წვრილმან“ დანაშაულსაც სჩადის, რასაც მე გაგებით ვხვდები, მაგრამ ოჯახის ქალბატონები არ პატიობენ და „რბილად“ სჯიან კიდეც. მიუხედავად „ბავშვური“ ასაკისა, იგი მშვენივრად გაერკვა, თუ ვისთან, როგორ უნდა მოიქცეს და იმას, რასაც ჩემი თანდასწრებით აკეთებს (ხან ფეხსაცმელზე თასმას მომაჭამს, ხან პერანგზე ღილს, ხანაც რამე ნივთს გაიტაცებს), ნამდვილად არ ბედავს ოჯახის ქალბატონების თანდასწრებით. უფრო მეტიც, მორიგი „სიცელქის“ შემდეგ, რომელსაც მარტოობაში სჩადის, ჩუმად მოფორთხდება ჩემთან, კალთაში ჩამიჯდება და ცხვირ–პირს იღლიის ქვეშ ჩამიყოფს. ყველა ხვდება, რომ რაღაც დააშავა და იწყებენ მისი ცელქობის შედეგების ძებნას. მაგრამ მას თავი უკვე ქუდში აქვს. აღარ ეშინია – დაცვა გარანტირებულია! ალბათ, ზედმეტად „რბილად“ ვექცევი, ერთგვარად, ვაფუჭებ კიდეც. უფრო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მოქცევის პირობებში, უფრო გაწონასწორებული და „გონიერი“ იქნებოდა. ვიცი, რომ ვაშავებ, გარკვეულად „ვაფუჭებ“, თუმცა, როდესაც წარმოვიდგენ, რომ არც დედ–მამა ჰყავს, არც და–ძმა, გულწრფელად ვუთანაგრძნობ და ვცდილობ შევუმსუბუქო ცხოვრება.
ვინაიდან ნებისმიერი ხელისუფლებაც სულიერი არსებებისგან შედგება (ზოგი ინტელექტით ხელმძღვანელობს, ზოგი კი მოჭარბებული ინსტინქტებით), იგიც ზუსტად ისე იქცევა, როგორ უფლებასაც ამომრჩევლები, ქვეყნის მოქალაქეები აძლევენ. სამწუხაროდ, არც მოქალაქეები ვექცევით ხელისუფლებას  ისე, როგორც იგი იმსახურებს. ხშირად თვალს ვხუჭავთ, ვპატობთ მსუბუქ თუ საკმაოდ მძიმე გადაცდომებს, დანაშაულს, რაც უამრავი მიზეზის გამო ხდება. ერთის მხრივ – ადამიანში გამჯდარი შიშის, მედროვეობის, მლიქვნელობის, უდარდელი გულგრილობის, „მონური“ საწყისების მოჭარბებულად ქონის და, მეორეს მხრივ – ღირსების გრძნობის, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნის, განათლების, სამოქალაქო თვითშეგნების  სიმწირის გამო ხდება. შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. დიახ, „ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს“!
 
ჩვენ დავიმსახურეთ ყველა ის ხელისუფლება, რომელსაც მოვესწარით: 
კომუნისტური, ეროვნული, უსახელო (იოსელიანი–სიგუა–კიტოვანის), შევარდნაძისეული („მეორედ მოსვლის“), სააკაშვილის. (ივანიშვილისაზე, ჯერჯერობით, ნაადრევია დასკვნების გაკეთება). სამწუხაროდ, ამ ისტორიულ მონაკვეთში (1921–2012/01 ოქტომბერი), საქართველოს მოსახლეობამ დაკარგა ეროვნული თვითშეგნება. სუფრაზე, ყანწით ხელში იმის მტკიცება, რომ: „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, არც პატრიოტიზმის მაჩვენებელია და არც ეროვნული თვითშეგნების. ქართველმა ხალხმა ჯერ ეროვნული თვითშეგნება უნდა დაიბრუნოს, შემდეგ კი, საკმაოდ რთული გზა განვლოს სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებამდე.
 
ეროვნული თვითშეგნება რომ დავიბრუნოთ და განვაგრძოთ სვლა სამოქალაქო საზოგადოებისკენ, სამოქალაქო განათლება ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა ვაღიაროთ.
 
კომუნისტურ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე არა თუ საუბარი, ფიქრიც კი, დაუშვებელი იყო. მისი გამხმოვანებლები განადგურებას ექვემდებარებოდნენ.
 
სამოქალაქო განათლების, მისი პრიორიტეტულად აღიარების მნიშვნელობა მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, ეროვნული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გახდა აქტუალური. მისი იდეები, სასურველი, მაგრამ სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროდ არც ეროვნულმა ხელისუფლებამ მოიცალა სამოქალაქო განათლებისთვის.თუმცა არც მათ დასცალდათ ხელისუფლებაში ყოფნა.
 
უსახელო ხელისუფლებას არც ხალხისთვის ქონდა რამე სათქმელი და არც ასეთი „წვრილმანებისთვის“ იცლიდა. თუმცა დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების ჩაყრას თავისებურად შეუდგა და დაგვმოძღვრა, რომ „დემოკრატია ლობიო არ არისო“.
 
„მეორედ მოსული“ შევარდნაძე იძულებული იყო, ერთის მხრივ უსახელოთა მიერ დამოძღვრილი ხალხისთვის განმარტებები მიეცა თუ რა კავშირშია ლობიო და დემოკრატია, მეორეს მხრივ კი   „მეგობრების“ რჩევით საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები ჩაეყარა და რეფორმები დაეწყო. ამ მიზნით ჯერ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შადმან ვალავი, შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპის რეფორმების „მამა“, ლეშეკ ბალცეროვიჩი ჩამოიყვანა თუ ჩამოაყვანინეს საქართველოში.
 
1994 წლისთვის, როდესაც საქართველოში მოხდა რეფორმების დეკლარირება, არათუ მოსახლეობა, არამედ თავად ხელისუფლებაც მოუმზადებელი აღმოჩნდა ცხოვრების ახალი პირობებისთვის. გაუგებარი აღმოჩნდა  მცნებები – დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კანონების უზენაესობა,  საბაზრო ეკონომიკა, საკუთრება, პრივატიზება, თავისუფალი ფასები, დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია და მრავალი სხვა.
 
ჩვენი ჯგუფი პირველი იყო, ვინც დაარწმუნა მაშინდელი ხელისუფლება მოქლაქეების განათლების აუცილებლობაში. სწორედ მაშინ ჩამოვაყალიბეთ ჯერ დამოუკიდებელი სატელევიზიო სტუდია, რომელიც საგანმანათლებლო გადაცემებს ამზადებდა პირველი არხისთვის (თუ არ ჩავთვლით მეორე არხს, სხვა ტელეკომპანიები იმ დროს ჯერ არ არსებობდა), შემდეგ კი, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებთან ერთად, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაცია – „დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი“ (1996 წელი).  
 
სამოქალაქო განათლება, „განმანათლებლების“, ჟურნალისტების განათლებით დავიწყეთ. 39 ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტს, ჩვენს მიერ მოწვეულმა ქართველმა, ამერიკელმა, ავსტრალიელმა, ბრიტანელმა, თურქმა, რუსმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ლექტორმა, 15 თვის განმავლობაში, 135 ლექცია წაუკითხა ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალგაზრდა სპეციალისტებს. სალექციო კურსის მეორე ნახევარში კი, ლექციების პარალელურად, პროფესიული პრაქტიკა ჩავუტარეთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიასაშუალებებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზღვაში წვეთი იყო, თავისი მისია, მან მაინც შეასრულა.
 
წინამდებარე პორტალზე  www.caucasus.ge, რუბრიკაში „გამოცემები“ შეგიძლიათ იხილოთ 2001 წელს გამოცემული კრებულის შესავალი სტატია – "ქართული ჟურნალისტიკა დღეს", სადაც ჩამოყალიბებულია, თუ რამ განაპირობა ასეთი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება.
 
ჩვენ სააკაშვილის ნაციონალურ ხელისუფლებასაც ვთავაზობდით სამოქალაქო განათლების პრიორიტეტად ცნობას. სამწუხაროდ სამოქალაქო განათლება მათ სხვანაირად ჰქონდათ წარმოდგენილი. მალევე დავრწმუნდით, რომ სამოქალაქო საზოგადოება "ნაცებისთვის" საფრთხის შემცველი იყო, ხოლო მიზნები, წინასაარჩევნო პერიოდში დეკლარირებულებისაგან სრულიად განსხვავებული. დიახ, მათ მალევე დაგვარწმუნეს, რომ ნაციონალების მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოება საშიშროების, დიდი საშიშროების შემცველი იყო. ვერაფერს იტყვი, ეს მათ ზუსტად განსაზღვრეს.
 
ქართველ ხალხს  მეტი აქტივობა რომ გამოეჩინა, ეზრუნა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, მაშინ ან ნაციონალების მმართველობა ვერ გასცდებოდა ერთ საარჩევნო ციკლს, ან მათივე სახით, ევროპული ყაიდის, ცივილურ ხელისუფლებას მივიღებდით.
 
ახლა, სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მხარდაჭერა,  შეიძლება ტესტი აღმოჩნდეს ახალი ხელისუფლებისთვის – მყარად დადგება თუ არა მეოცნებე ხელისუფლება მიწაზე და აღიარებს თუ არა მიზნად სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, შესაბამისად, სამოქალაქო განათლების პრიორეტულობას, გასაგები გახდება, თუ საით მიდის ოცნება.
 
სხვათაშორის, ბოლო არჩევნები, სხვებისგან განსხვავებით, შესაძლოა, ცნობილი გამყალბებლების ძალისხმევითაც, ჩვეული 90 %–იანი გამარჯვებით არ დასრულდა. რაც ოცნების მმართველობის მძიმე, მაგრამ საიმედო დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. ტრადიციულად, ჩვენ ხომ ერთსულოვნად, ნახსენები 90 %–ით, დიდი იმედებით აღსავსენი, ვირჩევდით ყოველ მომდევნო ხელისუფლებას. არჩევნებში ერთსულოვნებას ვავლენდით, შემდეგ კი, განზე გავდგებოდით, მივატოვებდით ახლადარჩეულებს და ყველა ჩვენი პრობლემის, არარეალურად მოკლე ვადებში გადაწყვეტას ვავალებდით. თუ შედეგი ჩვენთვის მისაღები არ იყო (შედეგები კი არასდროს იყო მისაღები),  წუწუნს ვიწყებდით. სად არის შეპირებული სამუშაო ადგილები, პენსიები, დახმარებები, უფასო განათლება და ჯანმრთელობის დაცვა და მრავალი სხვა. შედეგად, ყველაფერი სისხლიანი თუ უსისხლო, ვარდებისა თუ ეკლების რევოლუციით მთავრდებოდა.
 
იგივე განმეორდა ნაცებთანაც. ჩვენგან უკონტროლო უფლებებით აღჭურვილებმა და ყურადღებამოკლებულებმა, „ლაპარაკის ნაცვლად – საქმე“–ს ნაცვლად უფრო მარტივი – ზეწოლის, დაშინების, კანონის იგნორირების გზა აირჩიეს, რასაც ხალხისა და ხელისუფლების პოლარიზება და დაპირისპება მოჰყვა. დღეს არც მალავენ, რომ თავიდან, მცირე დროით, დიქტატურა ჩამოაყალიბეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებული ყველა ნეგატიური მოვლენა: უკანონობა, კორუფცია, მექრთამეობა და სხვა, სწრაფადვე აღმოეფხვრათ. სამწუხაროდ უსაზღვრო, უკონტროლო ძალაუფლება ნარკოტიკი აღმოჩნდა მათთვის და "მოკლე დროით დიქტატურო", ცხოვრების წესად, ცხოვრებით ტკბობად გაიხადეს.
 
შეიძლება ვმეორდები, მაგრამ სანამ არ ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება, სანამ იგი არ იკისრებს ქვეყნის მართვაზე ზედამხედველობის პასუხისმგებლობას, არ იქნება აქტიური, არ ეცოდინება და არ დაიცავს თავის უფლებებს, არ აღასრულებს მოვალეობებს, ნანატრ შედეგს ვერ მივიღებთ. ვერცერთი ხელისუფლება, ვერც ასე საოცნებო ოცნება, მიზნებამდე ვერ მიგვიყანს.
 
2012 წლის ოქტომბრის  არჩევნებში ოცნების გამარჯვებისა და მათ მიერ დეიურედ ქვეყნის მართვის უფლების ნაწილობრივად ხელში აღების შემდეგ, თანამემამულეებს შევთავაზე დისკუსია თემაზე: საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე, რომელსაც, სამწუხაროდ, გამოხმაურება არ მოჰყოლია, უინტერესო აღმოჩნდა მოქალაქეებისთვის.  გვინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ – დავიწყოთ დისკუსია სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობის, მისი მნიშნელობისა და რეალიზების გზების შესახებ. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ყურადღებას მოვადუნებთ და თავის ნებაზე მივუშვებთ, ნებისმიერი ხელისუფლება განწირული იქნება გასარყვნელად. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო და ტყუილად ნუ გავრისკავთ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება იქნება ისეთი, როგორსაც დავიმსახურებთ!
 
ნუთუ ამდენი, იმედებით მოყვანილი ხელისუფლების მიერ იმედგაცრუებულები ვერ მივხვდით, რომ ხელისუფლება ისეთივეა, როგორც ამავე ქვეყნის მოქალაქეები, მათივე წიაღიდან გამოსულები. ტყუილად ვაქცევთ მას განტევების ვაცად. უპირველესი დამნაშავეები ჩვენ ვართ – მოქალაქეები. ჩვენი პასიურობა და ინდეფერენტულობა არის  ნებისმიერი ხელისუფლების "გარყვნის" საფუძველი. ჩემი ლეკვის მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, რატომღაც ვივიწყებთ, რომ გონიერი არსებები ვართ, თუმცა, ინტელექტს "ვინ ჩივის", ინსტიქტების დონეზეც არ ვმოქმედებთ. 
 
სადისკუსიო პრობლემა  უფრო გასაგები რომ გახდეს, გთავაზობთ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენს მიერ განსახილველად გამოტანილ, 2012 წლის 8 ნოემბერს „რედაქტორის სვეტში“ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს (იხილეთ ქვემოთ).
 
 
საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე,
(08.11.2012  “რედაქტორის სვეტი“)  საქართველომ, ისევე როგორც პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა  სივრცის მრავალმა ქვეყანამ, გასული საუკუნის 80-90–იანი წლების მიჯნაზე მოიპოვა დამოუკიდებლობა და მოახდინა  სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის დეკლარირება. სამწუხაროდ, გზა დეკლარირებიდან რეალობამდე მოსალოდნელზე გრძელი აღმოჩნდა. ვერც საქართველოს მოსახლეობის, ვერც ხელისუფლების უდიდესმა ნაწილმა ვერ გაითვალისწინა, რომ ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა რთული და მტკივნეული პროცესი იქნებოდა, რომ სრულიად ახალ, უჩვეულო  პირობებში ცხოვრება და საქმიანობა, საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების საფუძვლიანი გარდაქმნის გარეშე, შეუძლებელი აღმოჩნდებოდა.
 
ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თავისუფლად – თავის უფლად არის შობილი. სამწუხაროდ, საქართველოს მასახლეობისთვის ასე ნანატრი თავისუფლება მძიმე ჯვარი აღმოჩნდა, ანარქიად იქნა აღქმული და შედეგმაც არ დააყოვნა – გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან,  ქვეყანა განუკითხაობამ და ქაოსმა მოიცვა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, განუკითხაობამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა, სხვა უბედურებასთან ერთად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირება, საყოველთაო შიში და უკიდურესი სიღატაკე დაემატა.
 
მართალი გითხრათ, გარკვეულ კონტექსტში, ქართულში ვერ მოვძებნერუსული «Воля»-ს შესატყვისი („ნება“ არ აკმაყოფილებს მის მნიშვნელობას). «Свобода» და «Воля» - ორი განსხვავებული ცნებაა. «Свобода» (თავისუფლება) ის შემთხვევაა, როდესაც, ადამიანს უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც გააჩნია სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების მიმართ და პირიქით, სახელმწიფოსაც და მოქალაქეებსაც, ერთმანეთის მიმართ აქვს მთელი რიგი ვალდებულებები. რაც შეეხება «Воля»-ს, «Вольный человек» არის მხოლოდ თავისთავს მინდობილი ადამიანი, რომელსაც არავითარი ვალდებულება არ გააჩნია სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების მიმართ, მაგრამ არც მის მიმართ აქვს ვინმეს რაიმე ვალდებულება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 10–15 წელი, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ყოფა მაფიქრებინებდა, რომ თავისუფლების ნაცვლად «Воля» მოვიპოვეთ და ამაში თავადვე ვართ დამნაშავე – მზად არ აღმოვჩნდით ახალ პირობებში, ახალი წესებით ცხოვრებისთვის. ბოლო წლებში ვითარება ცალმხრივად შეიცვალა. უმართავი ქაოსი, მართულმა ქაოსმა ჩაანაცვლა. ნაციონალურმა ხელისუფლებამ ვალდებულებები გაგვიჩინა, თუმცა არა ქვეყნისა და თანამოქალაქეების, არამედ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წინაშე. ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობის მიმართ, მათ არავითარი ვალდებულებები არ აუღიათ.
 
საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, კომუნისტური სისტემის რღვევიდან თითქმის 20 წლის შემდეგაც კი  ვერ გააცნობიერა და დღესაც ძალიან შორეული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;  რა უპირატესობა აქვს  საბაზრო ეკონომიკას, ათწლეულობით შეჩვეულ სოციალისტურ ეკონომიკასთან, კერძო საკუთრებას – საერთო, სახალხო საკუთრებასთან; ვერ გაითავისა ის ძირითადი ღირებულებები, რომლითაც ხელმძღვანელობს ცივილური სამყარო.
 
ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. საქართველო, რომელიც ფეოდალიზმიდან, შეიძლება ითქვას, ისე გადავიდა სოციალიზმში (სხვა საკითხია, იყო თუ არა ის, რაც ჩვენ გავიარეთ, სოციალიზმი, მისი კლასიკური გაგებით), რომ კაპიტალიზმის პირობებში პრაქტიკულად არ გვიცხოვრია. მით უმეტეს გასაგებია, თუ რატომ ვერ გაითავისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რატომ მოხდა ასეთი ღრმა დიფერენციაცია საზოგადოებაში, რატომ აღმოჩნდა მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტის ხელში მთელი სიმდიდრე და რატომ ცხოვრობს დანარჩენი სიღატაკის ზღვარსა და მის ქვემოთ. რატომ არის ხელისუფლება გაკერპებული და რატომ გრძნობს თავს მოქალაქე მუდმივ მოვალედ მის მიმართ.
 
აი, სწორედ ამ დროს იყო საჭირო ხელისუფლების კეთილი ნება და მედიის თანადგომა – დაბნეული თანამემამულეებისთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის რაობის განმარტება, ასეთ პირობებში ცხოვრების უპირატესობებისდასაბუთება,  ერთი შეხედვით გაუგებარი პროცესების განმარტება, მათი გარდუვალობის, აუცილებლობის პროპაგანდა, «Воля»–ს ნაზიარები მოსახლეობის ეიფორიიდან გამოყვანა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. არ მოხდა იმიტომ, რომ არ არსებობდა ხელისუფლების ნება, ხოლო მოქალაქეებს განათლება, საზოგადოებრივი თვითშეგნება აკლდა.
 
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არცერთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად ეთანამშრომლა ქვეყნის მოქალაქეებთან, თავის ამომრჩეველთან, ხელი შეეწყო სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. მათთვის გაცილებით მარტივი და მისაღები იყო  დამშეული, მუდამ ლუკმა–პურის ძიებაში გაწამებული, დაშინებული, სხვისი ხელის შემყურე, უპრეტენზიო და უტყვი მასის მართვა. ასე უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს და მრავალი ათწლეულის მანძილზე, უდრტვინველად აპირებდნენ დაბეჩავებული ხალხის ხარჯზე ცხოვრებას. მათი  ძალაუფლება მართლაც განუზომელი და შეურყეველი ჩანდა.
 
შეშინებული, უტყვი მასის ფონზე, „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ უდიდეს წარმატებებს მიაღწია:   ნამდვილად მოისპო კორუპცია, ოღონდ, არა როგორც მოვლენა, არამედ, როგორც კონკურენტი და მასობრივი კორუფცია, ელიტარულით ჩაანაცვლა; ნამდვილად გაანადგურა ქურდები, როგორც . . . კონკურენტი და ქვეყნის მართვას ქურდული მენტალიტეტით – ქვეყნის კანონების სრული იგნორირებით და საკუთარი კანონებით შეუდგა. 
 
წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ მმართველობაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ (მითუმეტეს, რომ, ამის გამო,  აღარავინ ჩაგიდებს ნარკოტიკს ან იარაღს, აღარავინ დაგიჭერს  სრულიად უდანაშაულო მოქალაქეს და ცრუ ჩვენებების საფუძველზე აღარავინ მოგისჯის უვადო პატიმრობას – ვიმედოვნებ), მაგრამ უმჯობესია, მათი ბედი სამართლიან მართლმსაჯულებას მივანდოთ, ჩვენ კი, ჩვენ აწმყოსა და მომავალზე, ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე ვიფიქროთ, ვითანამშრომლოთ მათთან საზოგადოებრივი განათლების, საზოგადოების ინფორმირებულობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის საკითხებში. არ ავყვეთ ეიფორიას, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ პრინციპით „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო“.
 
დიახ, ჩვენი სიფხიზლით, არც ხელისუფლებას მივცემთ მოდუნების უფლებას. მითუმეტეს, რომ, უამრავი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემაა გადასაწყვეტი, მოქალაქეებისთვის კი დამაჯერებლად ასახსნელი, რომ ქვეყანის აშენება  საფუძვლის ჩაყრიდან იწყება და რაც უფრო მყარ საფუძველს ჩავდებთ, მით უფრო მყარ ქვეყანას ავაშენებთ. ამას კი დრო სჭირდება. ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ ყველა პრობლემის უმოკლეს, არარეალურ დროში მოგვარება, მაგრამ ხვლიდანვე მკაფიოდ უნდა დავინახოთ, რომ დაიწყო საფუძვლის არა ვირტუალური, არამედ რეალური შენება, რომ საფუძველში ჩადებული ყოველი აგური, ყოველდღიურად გვაახლოებს პრობლემების მოგვარებას.  არც იმას არ უნდა წავუყრუოთ, რომ სახეზეა რევანშის უნიჭო მცდელობა,  თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დღევანდელი ოპოზიციის მცდელობა ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც მათი 9 წლიანი მმართველობა. მაგრამ ამაზე და სხვა უამრავ პრობლემებზე, მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზებზე – ხვალ, ზეგ და, საერთოდ, ყოველდღიურად ვისაუბროთ.
 
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, ერთად ვიფიქროთ ქვეყნის ბედზე, მის აწმყოსა და მომავალზე. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. 
 
მიხეილ ხოშტარია
დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო
ალიანსის გამგეობის თავმჯდომარ
რედაქტორის სვეტი