ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13
Notice
  • Lack of access rights - File '/images/Misha Rasmusen.jpg'
  • Lack of access rights - File '/images/Misha Rasmusen.jpg'

ბიძინა ივანიშვილი: “დადის და სიცრუეს ავრცელებს!?”

(15.11.2012  "რედაქტორის სვეტი")   „დადის და სიცრუეს ავრცელებს!?“ ბრძანა პრემიერმა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილზე. საკვირველი ის იქნებოდა, არ ეარა და არ გაევრცელებინა (კუზიანს სამარე გაასწორებსო), არ გამოეყენებინა ნებისმიერი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ეღიარებინათ ერთადერთ „შუქურად“ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი თავისი ოცნებით, შურისძიებით განმსჭვალული ადამიანების, უპასუხისმგებლო არაპროფესიონალების ჯგუფად, რომლებსაც შეუძლიათ, ასე „ნალოლიავები დემოკრატიის“ ერთი ხელის მოსმით დანგრევა.

დიახ, ივლის და გაავრცელებს! ამას ან:

·         უნდა შეეგუო და მორცხვად განაცხადო – ამას როგორ კადრულობს, მეც  ანალოგიურად ხომ არ მოვიქცევიო; 

·         თავის მართლება უნდა დაიწყო, გეფიცებით სიცრუეა, აი, ჩამობრძანდით და თავად ნახეთ, ჩვენ დემოკრატიის იდეალების მიმდევრები ვართ და მსგავს რამეს არ ვიკადრებთ, ყველაფერი დემოკრატიის ჩარჩოების ფარგლებშიაო;

·         პრევენციაზე იმუშაო, სააკაშვილს და მის „გამოცდილ“ დიპლომატიურ კორპუსს აჯობო, ყოველი გადასადგმელი ნაბიჯი, შენთვის (არა პირადად, არამედ შენი იდეალების) სასარგებლოდ შეფუთო და ისე მოამზადო „ის“, ვისგანაც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ, როდესაც „სააკაშვილი ივლის და სიცრუის გავრცელებას მოინდომებს“, გაუღიმონ, მხარზე ხელი მოუთათუნონ, სიცრუეს (თუნდაც სიმართლეს) ყურადღება არ მიაქციონ, საჯარო გამოსვლებში კი, უკვე არსებული ხელისუფლება მოიხსენიონ „დემოკრატიის შუქურად“, საქართველო კი, “მაპზე უფრო მეტის ღირს” მეგობარ ქვეყანად, რომელსაც . . .,  ა.შ. და ა.შ.

პოლიტიკა რთული თამაშია. გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ჭადრაკი. მოჭადრაკეს, ჭადრაკის თამაშის წესების გარდა, შემოქმედებითი, ლოგიკური, სწრაფი აზროვნება მოეთხოვება, კარგი მახსოვრობა, ფსიქოლოგიის ცოდნა და მყარი ნერვული სისტემა. პოლიტიკოსს კი, ყველა ჩამოთვლილი თვისება, აყვანილი n ხარისხში, პლუს დიპლომატიის მაღალი კლასი, თმენის მაღალი უნარი, ქარიზმა, არტისტიზმი, თუ საჭიროა სითავხედე, ტყუილების თვალის დაუხამხამებლად, მოსაუბრისთვის თვალის მოურიდებლად, ძალიან დამაჯერებლად თქმის უნარი, რაც მაღალი ზნეობის ადამიანისთვის, არც თუ ისე ადვილია, თუმცა პოლიტიკაში ეს მიღებულია და ხშირად, სავალდებულოც არის.  

პოლიტიკა შეიძლება შევადაროთ ბრძოლას წესების გარეშე. ამ უკანასკნელს, მიუხედავად „უწესობისა“, თავისი წესები მაინც აქვს – რაღაც და სადღაც დარტყმა აკრძალულია (პოლიტიკისგან განსხვავებით). იმარჯვებს ის, ვინც ფიზიკურად დაჯაბნის მოწინააღმდეგეს. უცნაური ის არის, რომ ვეებერთელა ტანი და დაკუნთული სხეული, გამარჯვების გარანტი ყოველთვის არ არის. ხშირად, მომცრო აღნაგობის, მაგრამ სხარტი, გონიერი სპორტსმენი იმარჯვებს, სწორი სტრატეგიის, ძლიერი ნებისყოფის, ემოციების ჩაკვლისა და ცივი გონების ხარჯზე.

ჩვენ მუდმივ ბრძოლაში ვართ დიდი და ძალიან დიდი მოწინააღმდეგეების პირისპირ და მოდუნების უფლება არ გვაქვს. ჩვენი ყველაზე დიდი პოტენციალი – ინტელექტია და არა ფიზიკური ძალა. მოწინააღმდეგე თამაშში უნდა შევიტყუოთ, ჩვენთვის ხელსაყრელ მინდორზე და იქ უნდა დავამარცხოთ (ან არ დავმარცხდეთ მაინც). არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოლიტიკაში მეგობრები და მტრები არ არსებობენ, არიან დროებითიხელსაყრელი და არახელსაყრელი პარტნიორები. რომლებისთვისაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთან „მეგობრობა“. ორმაგად უფრო რთულია მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, როდესაც ზურგს,  ჩასაფრებული „მოყვარე გიმაგრებს“.

რას იზამ, ასეთია სამწუხარო  რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლის ორი გზაა – პრევენცია (უნდა შეგეძლოს მოწინააღმდეგის ნაბიჯების ზუსტად განსაზღვრა და დასწრება) და კომუნიკაცია (უნდა მყარი კომუნიკაციები გქონდეს მედიასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ბიზნესთან და მოქალაქეებთან.  მოქალაქეებთან,  ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან). პრევენცია და კომუნიკაცია ორი მიმართულებით უნდა გახორციელდეს –  საშინაო და საგარეო.

·         საშინაოში ვგულისხმობთ: საზოგადოებრივი განათლების გააქტიურებას პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა საკითხებში; მოქალაქეების საყოველთაო და უწყვეტ  ინფორმირებას ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე მოვლენებისა და სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მნიშვნელობის თაობაზე, არგუმენტირებული განმარტებების მიცემა, საზოგადოებასთან თანამშრომლობა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძვლების ჩაყრა.

·         საგარეოში ვგულისხმობთ: ჩვენთვის საინტერესო ქვეყნების, გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების მქონე, გავლენიან პოლიტიკოსებთან და არანაკლებ გავლენიან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სერიოზულ ბიზნესმენებთან მყარი კომუნიკაციების, „მეგობრული“ ურთიერთობების დამყარებას, პიარ  და ლობირების ტექნოლოგიების გონივრულად გამოყენებას,  ჩვენი ხელისუფლების (უკეთესი იქნება თუ ჩვენი ქვეყნის) მხარდამჭერების ზრდას. ჭკვიანური პიარისა და ლობისტური საქმიანობის, ჩვენთვის მომგებიანი სტრატეგიის განხორციელების ხარჯზე.

ჯერ კიდევ 7 და 8 ნოემბერს, ჩვენს პორტალზე: www.caucasus.ge რედაქტორის სვეტში ვწერდით საზოგადოებრივი ურთიერთობების გააქტიურების, საზოგადოების  უწყვეტი განათლებისა და მისი ინფორმირებულობის დონეების გაზრდის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებების სერიის, ნატოს სამიტზე და ამ თემაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა გრძნობა, რომ საზოგადოებრივი განათლების, გააზრებულად ინფორმირებისა და მყარი, უწყვეტი კომუნიკაციების დამყარება სასწრაფოდ არის გასაკეთებელი.

12 ნოემბერს, კვირის პალიტრაში (www.kvirispalitra.ge) გამოქვეყნდა ხათუნა ლაგაზიძის სტატია სააკაშვილის ჰიჩკოკისეული სცენარი?!  გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს სტატიიდან, რომელიც კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი მოსაზრებების სისწორეში: „ერთი, რისი თქმაც შეიძლება ამ ეტაპზე, არის ის, რომ რაც აკლია დღევანდელ ხელისუფლებას და რაც მომეტებულად ჰქონდა წინას, ეს არის პიარი. იმდენად რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს ახალ ხელისუფლებას, რომ სრულად უნდა იყოს საზოგადოებისთვის ახსნილი ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს. 

"ნაციონალური მოძრაობის" კავშირი მის ფანატებთანაც კი მაშინ გაწყდა, როდესაც საჭიროდ აღარ ჩათვალეს თავისი გადაწყვეტილებების ახსნა მოსახლეობისთვის. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ხელისუფლებას სჭირდება სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თავისი ნაბიჯების არგუმენტირება, რაც ივანიშვილს განვლილი საარჩევნო წლის განმავლობაში არ შეშლია. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას ზუსტად უნდა შეჯერდეს პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობის საკითხი და შეირჩეს მისი აღსრულებისთვის ოპტიმალური დრო და საშუალება; ანუ ის, რაც სამართლებრივად სწორია, კონკრეტულ დროსა და მონაკვეთში შეიძლება პოლიტიკურად რისკის შემცველი იყოს და პირიქით“. 

ანალოგიურ მოსაზრებებს ავრცელებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი: „დღემდე, ხელისუფლების მხრიდან არავინ არაა პოზიციების მიმტანი  - არა ელჩები, არა ლობისტები - როცა ნაცების მხრიდან ეს პროპაგანდისტული მანქანა დღემდე სრულყოფილად მუშაობს! ლობისტების დავალება, სწორედ,  წინასწარ პოზიციის დაფიქსირება იყო, რათა ხალხში   "ნატოს" მიმართ უკმაყოფილება გამოეწვია, ხოლო სააკაშვილს კიდევ ერთხელ მისცემოდა იმის ჩვენების საშუალება, რომ მხოლოდ თვითონ არის  "ნატოს" ერთადერთი მომხრე და მეგობარი საქართველოში. ამიტომ არ გვინდა ეს აღელვებული რეაქციები, ივანიშვილიც შეხვდება რასმუსენს, ბაროზოსავით გაუკვირდებათ მის მოსმენაზე და მიხვდებიან რომ ეს მათთვის მოწოდებული მითი თურმე სულ სხვა ყოფილა. ბევრად უფრო მისაღები პარტნიორი, ვიდრე ასე მობეზრებული სააკაშვილი, უფრო დახვეწილი. უფრო დასავლური, უფრო სანდო და რაც მთავარია ომის არ დამწყები!!!" 

ძალიან კარგად გვესმის, რომ მოქალაქეებს დღესვე უნდა დაინახოს ეკონომიკური ზრდის შედეგები, გაზრდილი საარსებო მინიმუმი და შესაბამისა პენსიები, საყოველთაო, შეუზღუდავი სამედიცინო დაზღვევა, ხელფასების ორჯერ და მეტჯერ ზრდა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ლტოლვილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა და უამრავი სხვა. კარგად გვესმის, რომ საზოგადოების მოთხოვნაა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გასამართლება, მაგრამ . . . ყველაფერს თავისი დრო აქვს

ბუნებას თავისი კანონები აქვს, საქართველოში, შუა ზამთარში, რამდენიც არ უნდა მოინდომო, ზაფხულის სიცხეს და საბანაო სეზონს ვერ მოიყვან, ისევე, როგორც წელიწადში ოთხჯერ (წელიწადის ოთხივე დროს) რთველს ვერ მოაწყობ, მოსავალს ვერ მიიღებ, ასევეა ეკონომიკა, მას თავისი მკაცრი კანონები აქვს, ახლა ახსნას არ ვაპირებ, მაგრამ ხელფასების მყისიერი, გაუაზრებელი მომატებით, შეიძლება ქვეყანა დავაქციოთ, ჰიპერინფლაცია გამოვიწვიოთ და ხალხი გავაღატაკოთ. თუ ბიზნესი არ გავანვითარეთ, თუ გადასახადები ბიუჯეტში არ მივმართეთ, თუ პროდუქცია არ შევქმენით და მისი შესატყვისი ხელფასები არ გავეცით, ინფლაციას და გაღატაკებას ვერ გადავურჩებით. თუ ქვეყანას გამომუშავებული, დასაქონლებული ფულადი კუპიურები არ გვექნება. მაშინ დაგვრჩება ტიპოგრაფიის ამუშავება და კუპიურების ბეჭდვა – უკეთესია 500 ლარიანების. მერწმუნეთ, შედეგი არ დააყოვნებს – ისევ ღატაკი, მათხოვარი მილიონერები გავხდებით, როგორც 90–ანი წლების დასაწყისში.

მახსოვს, იმ დროს, საწარმოები კერძო საკუთრებაში გადავიდა, ფაბრიკა–ქარხნები ჯერ კიდევ მუშაობდა და, როგორც ადრე,  ისევ უხარისხო საქონელს უშვებდა, რომელსაც მყიდველი არ ჰყავდა. მუშა–მოსამსახურეებს არ ესმოდათ, თუ გეგმა სრულდებოდა, თან გადაჭარბებით, ხელფასს რატომ არ აძლევდნენ. არადა, თუ არ გაიყიდა ნაწარმი და ფული თუ არ შემოუვიდა საწარმოს, საიდან უნდა გაეცათ ხელფასი, ეს სოციალიზმიდან მოსულ ხალხს არ ესმოდა.  ჩვენ მივხვდით და დავიწყეთ საგანმანათლებლო გადაცემების მომზადება.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა 1994 წელს, საქართველოში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეთავაზებული რეფორმების განხორციელების, მათ შორის, მასობრივი პრივატიზაციის პროცესში. მაშინ ხალხისთვის სრულიად გაუგებარი და დაუშვებელი იყო სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებაში გადასვლა. ამ შემთხვევაშიც დიდი საკომუნიკაციაო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო მუშაობა იქნა გაწეული და შედეგი, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

ჰიპერინფლიცირებული კუპონის შემდეგ, ქართული ლარის შემოღებისა და მისი ბრუნვაში გაშვება, დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. თუ კუპონის „სიმყარით“ დაშინებული მოქალაქეები დაიწყებდნენ ლარის თავიდან მოშორება, მისი დოლარზე კონვერტაციის გზით, ინფლაცია გარდუვალი იქნებოდა. სწორედ მედიისა და ხელისუფლების მოქალაქეებთან აქტიური საგანმანათლებლო კომუნიკაციების, მათი ინფორმირების შედეგად, ლარის, არათუ ინფლაცია, არამედ გამყარება მოხდა დღემდე საკმაოდ მყარი ვალუტა გვაქვს.

დღეს თუ არ დაიწყიო ანალოგიური, უფრო აქტიური საზოგადოებრივი განათლება, თუ ხალხი არ დავაწყნარეთ და არ ვასწავლეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს,  მაშინ ხელისუფლება ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდება, ერთის მხრივ – საზოგადოების მოთხოვნა, მეორე მხრივ სამართალი და სამართლიანობა. თუ ხელისუფლება მოქალაქეების მოთხოვნას ვერ შეასრულებს – ხალხი იმედგაცრუებული დარჩება, თუ საზოგადოებრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს,  მაშინ საერთაშორისო საზოგადოება „შეშფოთებას“ გამოთქვამს თუ . . ., თუ ვერ მოვახერხეთ კომუნიკაციების გააქტიურება და გამყარება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ვერ მოვახერხეთ ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

მიხეილ ხოშტარია

 

რედაქტორის სვეტი