ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

პრობლემები – რეალური თუ ინსპირირებული ?

07.11.12  1.ყოფილი ხელისუფლების ლტოლვილებისადმი დამოკიდებულება არაადამიანური იყო. ზრუნვა ჩვენ თანამემამულეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად იქცნენ არა საკუთარი ნებით, არამედ წინა ხელისუფლებების დანაშაულებრივი ქმედებების გამო, ხელისუფლებასვე ევალება. დიახ, ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. სამწუხაროდ, ამ ოცი წლის განმავლობაში, ლტოლვილების ბედით, რეალურად, არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა. დღეს ის, ვინც 9 წლის განმავლობაში, თავს არ იწუხებდა ამ პრობლემზე ფიქრითაც კი, მის მოუგვარებლობაში ბრალს დებს ორი კვირის წინ დანიშნულ ხელისუფლებას.

ორ კვირაში პრობლემა რომ ვერ მოგვარდებოდა, იმდენად ნათელია, რომ კითხვას არც უნდა ბადებდეს, მაგრამ . . . ხალხი, რომელიც 20 წელი უტყვად ითმენდა დამცირებას, ძალადობრივ გასახლებებს, დღეს, თავად ახდენს ძალადობას, უკანონოდ იჭრება სხვის საკუთრებაში და გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს ახალ ხელისუფლებას.

მართალია, ეს, ძალიან გავს, ვიღაცის მიერ პროვოცირებულ პროცესს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემა არსებობს და იგი მოსაგვარებელია. ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, კანონი და კანონიერება დაიცვას. მაგრამ კანონის დაცვა მტკივნეულად რომ არ აისახოს ლტოლვილებზე, აუცილებელია მათი ინფორმირება, მათთვის განმარტებების მიცემა და კონკრეტული ვალდებულებების გახმოვანება, თუ როდის, სად, როგორი რიგითობით მოხდება ლტოლვილების საცხოვრებელი პრობლემების მოგვარება. ასეთ შემთხვევაში ლტოლვილებიც დაწყნარდებიან, ადგილი აღარ ექნება უკანონო შეჭრებს და ხელისუფლებასაც საშუალება მიეცემა წყნარ ვითარებაში, უმოკლეს დროში გადაჭრას არსებული პრობლემა.

2. ის რაც საპყრობილეებში და მათ წინ, ღობის იქეთ და აქეთ ხდება, შემაძრწუნებელია, თუმცა სავსებით გასაგებია. პატიმრების ახლობლები, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ისე არიან შეძრწუნებულები ნანახით, იმ ამაზრზენი სისასტიკით, რითაც წინა ხელისუფლებამ დაგვამახსოვრა თავი, რომ, „შიშს დიდი თვალები აქვსო“, ადამიანებს ეშინიათ არ გაგრძელდეს სისასტიკე და არ მოხდეს მათი პატიმარი ახლობლების ცემა–დამცირება.

ციხეებში მასობრივ ფსიქოზს ნათლად ეტყობა, რომ პროცესი მართულია, პროვოცირებულია მავანთა მიერ. ეს ძიების საგანია და იმედი მაქვს, ახალ ხელისუფლებას არ გაუჭირდება პროვოკატორების გამოვლენა. მანამდე კი, აუცილებელია საზოგადოების, მათ შორის, პატიმართა ჭირისუფლების ინფორმირება, ახსანა–განმარტებითი მუშაობის ჩატარება, არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიების მიცემა და დარწმუნება. რომ ახლი ხელისუფლების პირობებში კანონის უზენაესობა და ყველ ადამიანის, მათ შორის პატიმრის უფლებები ნამდვილად იქნება დაცული. ეს დაარეგულირებდა ურთიერთობებს „ამბოხებულ“ პატიმრებს, მათ ახლობლებსა და ხელისუფლებას შორის.

3. რამდენიმე მსხვილი საწარმოს მუშა–მოსამსახურეები გაიფიცნენ, ითხოვენ შრომის პირობებისა და შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებას. უნდა ითქვას, რომ მათი მოთხოვნები სავსებით სამართლიანია. იმ შრომის კანონს რა ვუთხარი, რომელიც უშვებს ადამიანის ასეთ პირობებში ექსპლუატაციას და ასეთ მიზერულ ანაზღაურებას. შესაცვლელია კანონიც და დამოკიდებულებაც მუშა–მოსამსახურეებისადმი. შესაძლოა ეს მასობრივი გაფიცვებიც მავანთა პროვოცირებული იყოს ან იქნებ უკიდურესობამდე მისული ხალხის დროში დამთხვეული პროტესტია, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ხალხთან მუშაობაა საჭირო, მათი ინფორმირება, მოთმინებით ახსნა–განმარტებების მიცემა, დასაბუთება იმისა, რომ ახალ ხელისუფლებას, ჩვენსავით დაქცეულ ქვეყანაში კი არა, ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი, გაუჭირდება პრობლემის მყისიერად გადაჭრა. ყველა პრობლემას, გადაწყვეტის თავისი ვადები აქვს. ისე, როგორც, დიდი მცდელობის მიუხედავად, ქალი 3 თვეში, მითუმეტეს 2–3 კვირაში, ბავშვს ვერ გააჩენს, ვერც ბიზნესში, ვერც საერთოდ ეკონომიკაში, მყისიერ სასწაულებს ვერ მოვახდენთ. ვითარება შესაძლო მოკლე ვადებში უნდა შეიცვალოს. მაგრამ შესაძლო მოკლე ვადაში და არა მყისიერად, გაუაზრებლად, გაანგარიშებების გარეშე. თუმცა დროში გაწელვაც დაუშვებელია. აი, ამის დასაბუთება და განმარტება უნდა შევთავაზოთ ხალხს. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ადამიანები კიდევ მოითმენენ, დათანხმდებიან შრომის პირობებისა და ანაზღაურების, შსაძლოა არასრულ, მაგრამ მაინც გაუმჯობესებას, იმის რწმენით, რომ გარკვეული გაანგარიშებების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ახალი ტექნიკის შემოტანის, გაუმჯობესებული მენეჯმენტისა თუ პროდუქციის ბაზრების ათვისების ხარჯზე მოხდება მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.

4. მიწისძვრები, ქარიშხლები, ცუნამები, სხვა სტიქიური მოვლენები, თითქმის ყოველდღიურად აზანზარებენ დედამიწას. სტიქიის წინაშე ადამიანი დაუცველი აღმოჩნდა. ნაბისმიერი ერის ტრაგედია შემაძრწუნებელია, მაგრამ, რა გასაკვირია, რომ ჩვენ, ჩვენი უფრო გვტკივა. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს, განსაკუთრებით კახეთს, დამანგრეველმა ქარიშხალმა გადაუარა. უამრავი ოჯახი დარჩა ჭერის გარეშე, განადგურდა ნათესები, ვენახი, შინაური ცხოველები. ხალხი დაბნეულია, ზამთარი კარზეა მომდგარი, მათ კი, არც სახლ–კარი აქვთ და არც სარჩო–საბადებელი. ახალმა ხელისუფლებამ სულ ახლახანს დაადასტურა, რომ უმოკლეს ვადებში, სრულად აუნაზღაურებს ზარალს დაზარალებულ მოსახლეობას. სამწუხაროდ, დაზარალებული მოსახლეობის აღელვების მიზნით, ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თითიც კი არ გაუნძრევია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, დღეს აღშფოთებას არ მალავს, ახლანდელი პრემიერ მინისტრისთვის უკანონოდ ჩამორთმეული 80 მილიონი ლარის უკან დაბრუნების გამო და ეჭვს ქვეშ აყენებს დაზარალებული მოსახლეობის დახმარების რეალობას. ამან შეიძლება მოქალაქეების კიდევ ერთი ნაწილის აღშფოთება და პროტესტი გამოიწვიოს.

გამოსავალი – ისევ და ისევ საზოგადოების განათლებაში, მოქალაქეების ინფორმირებულობაში, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალეობაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქლაქეების ჩართულობაში და ამ საქმიანობაში ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიისა და მოქალაქეების თანამშრომლობაშია.

წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მსგავსი პრობლემები, მათივე ან სხვათა მიერ პროვოცირებული ან ბუნებრივად არსებული პრობლემები უამრავი გვაქვს. მინდა დავიჯერო, რომ არსებული ხელისუფლება შეებრძოლება ყველა პრობლემას და დაძლევს კიდეც, მაგრამ ეს რწმენა “მჯერა არ მჯერაზე“ არ უნდა იყოს დამყარებული. ხელისუფლებამ დროის საკმაო ნაწილი უნდა დაუთმოს პრობლემების გადაწყვეტის გზების გააზრებას და პროექტების მომზადებას. ეს მათი მოვალეობაა და უნდა ვივარაუდოთ, რომ დროულად განახორციელებენ კიდეც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესების ღიაობა, პროექტების ხალხის სამსჯავროზე გამოტანა, პერმანენტული საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, თანამოქალაქეების ინფორმირებულობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართვა.

მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობა საზოგადოებრივი განათლების, მოქალაქეების ინფორმირების, ხელისუფლების საქმიანობის რეალურად გამჭვირვალედ წარმართვის, გადაწყვეტილებების პროცესში ხალხის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, პირდაპირი გზაა სამოქალაქო, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.

როგორც მედია ორგანიზაცია, ვალდებულად ვთვლით თავს, ჩავერთოთ ამ პროცესებში და მოვუწოდებთ ყველა მედია და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ხელისუფლებას და მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ. მზად ვართ, ჩვენს ელექტრონულ გამოცემაში გამოვაქვეყნოთ თქვენი მოსაზრებები, ვიკამათოთ, ვიდავოთ, მივიდეთ რაღაც გადაწყვეტილებებამდე, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას, ოპონირება გავუწიოთ ერთმანეთს და, რაც მთავარია, ხელისუფლებას.

დღეს ეს ვიკმაროთ, ხვალიდან კი, „რედაქტორის სვეტში“ დავდებ მოსაზრებებს თემაზე: საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე ველი თქვენ გამოხმაურებას, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის :)

მიხეილ ხოშტარია

რედაქტორის სვეტი