ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე

08.11.2012  საქართველომ, ისევე როგორც პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა  სივრცის მრავალმა ქვეყანამ, გასული საუკუნის 80-90–იანი წლების მიჯნაზე მოიპოვა დამოუკიდებლობა და მოახდინა  სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის დეკლარირება. სამწუხაროდ, გზა დეკლარირებიდან რეალობამდე მოსალოდნელზე გრძელი აღმოჩნდა. ვერც საქართველოს მოსახლეობის, ვერც ხელისუფლების უდიდესმა ნაწილმა ვერ გაითვალისწინა, რომ ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა რთული და მტკივნეული პროცესი იქნებოდა, რომ სრულიად ახალ, უჩვეულო  პირობებში ცხოვრება და საქმიანობა, საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების საფუძვლიანი გარდაქმნის გარეშე, შეუძლებელი აღმოჩნდებოდა.

 

ადამიანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თავისუფლად – თავისუფლად არის შობილი. სამწუხაროდ, საქართველოს მასახლეობისთვის ასე ნანატრი თავისუფლება მძიმე ჯვარი აღმოჩნდა, ანარქიად იქნა აღქმული და შედეგმაც არ დააყოვნა – გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან,  ქვეყანა განუკითხაობამ და ქაოსმა მოიცვა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, განუკითხაობამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა, სხვა უბედურებასთან ერთად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირება, საყოველთაო შიში და უკიდურესი სიღატაკე დაემატა.

მართალი გითხრათ, გარკვეულ კონტექსტში, ქართულში ვერ მოვძებნე რუსული «Воля»-ს შესატყვისი („ნება“ არ აკმაყოფილებს მის მნიშვნელობას). «Свобода» და «Воля» - ორი განსხვავებული ცნებაა.  «Свобода» (თავისუფლება) ის შემთხვევაა, როდესაც, ადამიანს უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც გააჩნია სახელმწიფოსა და მოქალაქეების მიმართ და პირიქით, სახელმწიფოსაც აქვს მთელი რიგი ვალდებულებები. რაც შეეხება «Воля»-ს, «Вольный человек» არის მხოლოდ თავის თავს მინდობილი ადამიანი, რომელსაც არავითარი ვალდებულებები არ გააჩნია სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების მიმართ, მაგრამ არც მის მიმართ აქვს ვინმეს რაიმე ვალდებულება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 10–15 წელი, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ყოფა მაფიქრებინებდა, რომ თავისუფლების ნაცვლად «Воля» მოვიპოვეთ და ამაში თავადვე ვართ დამნაშავე – მზად არ აღმოვჩნდით ახალ პირობებში, ახალი წესებით ცხოვრებისთვის. ბოლო წლებში ვითარება ცალმხრივად შეიცვალა. უმართავი ქაოსი, მართულმა ქაოსმა ჩაანაცვლა. ნაციონალურმა ხელისუფლებამ ვალდებულებები გაგვიჩინა, თუმცა არა ქვეყნისა და თანამოქალაქეების, არამედ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წინაშე. ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობის მიმართ, მათ არავითარი ვალდებულებები არ აუღიათ.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, კომუნისტური სისტემის რღვევიდან თითქმის 20 წლის შემდეგაც კი  ვერ გააცნობიერა და დღესაც ძალიან შორეული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;  რა უპირატესობა აქვს  საბაზრო ეკონომიკას, ათწლეულობით შეჩვეულ სოციალისტურ ეკონომიკასთან, კერძო საკუთრებას – საერთო, სახალხო საკუთრებასთან; ვერ გაითავისა ის ძირითადი ღირებულებები, რომლითაც ხელმძღვანელობს ცივილური სამყარო.

ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. საქართველო, რომელიც ფეოდალიზმიდან, შეიძლება ითქვას, ისე გადავიდა სოციალიზმში (სხვა საკითხია, იყო თუ არა ის, რაც ჩვენ გავიარეთ, სოციალიზმი, მისი კლასიკური გაგებით), რომ კაპიტალიზმის პირობებში პრაქტიკულად არ გვიცხოვრია. მითუმეტეს გასაგებია, თუ რატომ ვერ გაითავისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რატომ მოხდა ასეთი ღრმა დიფერენციაცია საზოგადოებაში, რატომ აღმოჩნდა მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტის ხელში მთელი სიმდიდრე და რატომ ცხოვრობს დანარჩენი სიღატაკის ზღვარსა და მის ქვემოთ. რატომ არის ხელისუფლება გაკერპებული და რატომ გრძნობს თავს მოქალაქე მუდმივ მოვალედ მის მიმართ.

აი, სწორედ ამ დროს იყო საჭირო ხელისუფლების კეთილი ნება და მედიის თანადგომა– დაბნეული თანამემამულეებისთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის რაობის განმარტება, ასეთ პირობებში ცხოვრების უპირატესობების დასაბუთება,  ერთი შეხედვით გაუგებარი პროცესების განმარტება, მათი გარდუვალობის, აუცილებლობის პროპაგანდა ,«Воля»–ს ნაზიარები მოსახლეობის ეიფორიიდან გამოყვანა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. არ მოხდა იმიტომ, რომ არ არსებობდა ხელისუფლების ნება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არცერთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად ეთანამშრომლა ქვეყნის მოქალაქეებთან, თავის ამომრჩეველთან, ხელი შეეწყო სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. მათთვის გაცილებით მარტივი და მისაღები იყო  დამშეული, მუდამ ლუკმა–პურის ძიებაში გაწამებული, დაშინებული, სხვისი ხელის შემყურე, უპრეტენზიო და უტყვი მასის მართვა. ასე უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს და მრავალი ათწლეულის მანძილზე, უდრტვინველად აპირებდნენ დაბეჩავებული ხალხის ხარჯზე ცხოვრებას. მათი  ძალაუფლება მართლაც განუზომელი და შეურყეველი ჩანდა.

შეშინებული, უტყვი მასის ფონზე, „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ უდიდეს წარმატებებს მიაღწია:   ნამდვილად მოისპო კორუპცია, ოღონდ, არა როგორც მოვლენა, არამედ, როგორც კონკურენტი და მასობრივი კორუფცია, ელიტარულით ჩაანაცვლა; ნამდვილად გაანადგურა ქურდები, როგორც . . . კონკურენტი და ქვეყნის მართვას ქურდული მენტალიტეტით – ქვეყნის კანონების სრული იგნორირებით და საკუთარი კანონებით შეუდგა. 

წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ მმართველობაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ (მითუმეტეს, რომ, ამის გამო,  აღარავინ ჩაგიდებს ნარკოტიკს ან იარაღს, აღარავინ დაგიჭერს  სრულიად უდანაშაულო მოქალაქეს და ცრუ ჩვენებების საფუძველზე აღარავინ მოგისჯის უვადო პატიმრობას), მაგრამ უმჯობესია, მათი ბედი სამართლიან მართლმსაჯულებას მივანდოთ, ჩვენ კი, ჩვენ აწმყოსა და მომავალზე, ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე ვიფიქროთ, ვითანამშრომლოთ მათთან საზოგადოებრივი განათლების, საზოგადოების ინფორმირებულობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის საკითხებში. არ ავყვეთ ეიფორიას, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ პრინციპით „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო“.

დიახ, ჩვენი სიფხიზლით, არც ხელისუფლებას მივცემთ მოდუნების უფლებას. მითუმეტეს, რომ, უამრავი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემაა გადასაწყვეტი, მოქალაქეებისთვის კი დამაჯერებლად ასახსნელი, რომ ქვეყანის აშენება  საფუძვლის ჩაყრიდან იწყება და რაც უფრო მყარ საფუძველს ჩავდებთ, მით უფრო მყარ ქვეყანას ავაშენებთ. ამას კი დრო სჭირდება. ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ ყველა პრობლემის უმოკლეს, არარეალურ დროში მოგვარება, მაგრამ ხვლიდანვე მკაფიოდ უნდა დავინახოთ, რომ დაიწყო საფუძვლის არა ვირტუალური, არამედ რეალური შენება, რომ საფუძველში ჩადებული ყოველი აგური, ყოველდღიურად გვაახლოებს პრობლემების მოგვარებას.  არც იმას არ უნდა წავუყრუოთ, რომ სახეზეა რევანშის უნიჭო მცდელობა, მაგრამ ამაზე და სხვა უამრავ პრობლემებზე, მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზებზე ხვალ, ზეგ და, საერთოდ, ყოველდღიურად ვისაუბროთ.

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, ერთად ვიფიქროთ ქვეყნის ბედზე, მის აწმყოსა და მომავალზე :)

გაგრძელება იქნება

მიხეილ ხოშტარია

რედაქტორის სვეტი