პოლიტიკური იმპოტენცია ანუ ჭარბი ემოციის ზეობა ინტელექტის დეფიციტის პირობებში

დამოუკიდებლობა მსხვერპლს რომ მოითხოვდა, ცხადია, ვიცოდით. ისიც კარგად გვესმოდა, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ თუ სამსხვერპლოზე ზნეობას, განათლებას, აზროვნებას, ერის კეთილდღეობას, ქვეყნის მთლიანობას მივიტანდით, მართალი გითხრათ, ვერ წარმოგვედგინა. ვინ იფიქრებდა, რომ თავის მიწა-წყალზე უზომოდ შეყვარებული ქართველი, რომელიც, ალბათ, ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებდა სამშობლოს გარეშე (საშინელი ნოსტალგია ტანჯავდა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო), სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით მოსწყდებოდა ქვეყანას (მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ხომ უცხოეთშია გადახვეწილი). ვინ იფიქრებდა, რომ თავმოყვარე ქართველი (შესაძლოა ამპარტავანიც კი), რომელიც, ძირითადად, მხოლოდ განათლებასა და ინტელექტტევად სამსახურზე, მაღალ წოდებებსა და თანამდებობებზე ფიქრობდა, ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის, ხშირად უღირს საქმიანობასაც არ ითაკილებდა. ვინ იფიქრებდა, რომ . . 

როდესაც უყურებ ჩვენ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას, ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ მათ უმრავლესობას არც კი სმენია ისეთი ცნებები, როგორიცაა: სამშობლო, ღირსება, ოჯახიშვილობა, რაინდული სული, პატიოსნება, განათლება, ინტელექტი, ელემენტარული ზრდილობა. ამიტომ, აღარ გვიკვირს, როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას, კითხვაზე, თუ რა არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დამახასიათებელი თვისება? გამოკითხულთა 81 %-მა (სულგამოკითხული იყო1000 რესპონდენტი ქ.თბილისში) უკიდურესად უარყოფითი თვისებები ჩამოთვალა: მომხვეჭელობა, უხამსობა, დაბალი პროფესიონალიზმი, გაუნათლებლობა, სიბრიყვე, მლიქვნელობა, მონური ფსიქოლოგია, ინტელექტის დეფიციტი, სისასტიკე, ამბიციურობა, ცრუპენტელობა. 16 %-მა არ ისურვა პასუხის გაცემა, ხოლო3 %-მა, კითხვაზე კითხვითვე გვიპასუხა: სხვა უკეთესი გვყავსო? (თითქოს, არსებული ხელისუფლების უნიათობა თავისთავად ნათელი იყო).

ასეთმა შეფასებამ, მართალი გითხრათ,  გაგვაოგნა– გამოკითხული ადამიანები  (რესპონდენტები) ფაქტობრივად აფასებდნენ საკუთარ თავს- ხელისუფლება ხომ საზოგადოების სარკეა. ნუთუ ჩვენი საზოგადოება ასე დაეცა? დილემის წინაშე დავდექით- ღირს კი შედეგების გამოქვეყნება? მაგრამ მივხვდით, ყოველ შემთხვევაში, გვინდა ვიფიქროთ,ის, რაც ზედაპირზე ჩანს, არ არის ჩვენი საზოგადოების მახასიათებელი ნიშან-თვისება! 

უმრავლესობა, ალბათ, ყოფილა ზღვაზე დაუნახავს წყნარი, თბილი, უსასრულოდ ლამაზი და გამჭვირვალე ზღვა, რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს. მაგრამ, პერიოდულად, დარს ავდარი ცვლის და ზღვაც გიჟდება, ავდება, შავდება, სიბინძურე ზედაპირზე ამოდის და ჩვენც განწყობა გვიფუჭდება, უიმედობა გვეუფლება - ასე გვგონია აღარასდროს გამოიდარებს. მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდება მზე, ჩადგება ქარი და ზღვაც დაწყნარდება. სიბინძურე დაილექება. დაიწმინდება და ისევ უსასრულოდ ლამაზი და გამჭვირვალე გახდება. ისევ სითბო და სიყვარული დაისადგურებს ჩვენს გულებში.

ამიტომ იმედი არ უნდა დავკარგოთ. აუცილებლად ამოვა მზე (ბუნება ხომ სამართლიანი და კანონზომიერია) და სიბინძურე თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება. ისევ აღზევდება ქართული გენი, ისევ ვიამაყებთ ოჯახისშვილობით, ზნეობით, განათლებით, კაცთმოყვარეობით, ინტელექტით, პროფესიონალიზმით. თუმცა, ეს ორ სამ დღეში არ მოხდება და სერიოზული ძალისხმევაც დაგვჭირდება.

ახლა კი არჩევანის წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ხელისუფლების ღირსნი ვართ. ტყუილად გონიათ მავან ხელისუფალთ, პოლიტიკოსებს (თუ ასეთები გვყავს), რომ საზოგადოება ბრიყვია და ადვილი გასაბაიბურებელი. საკუთარ იმპოტენციას, პოლიტიკურ იმპოტენციას, უხამსი გამოხტომებით, უსაფუძვლო, შეუსრულებადი დაპირებებითა და არგუმენტების ნაცვლად, ოპონენტთან მუშტების (ხშირად იარაღის) ენაზე საუბრით ფარავს.

საზოგადოება, თურმე, მშვენივრად ერკვევა ვითარებაში და ეს, 2003 წლის 25-28 ოქტომბერს, ჩვენს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმაც დაგვიდასტურა– საზოგადოებამ უარი თქვა ძალადობაზე, უხამსობაზე, ცრუპენტელობაზე. ვნახოთ რა არჩევანს გააკეთებს საზოგადოება 2 ნოემბერს (იხილეთ რუბრიკა რეიტინგი” და ჩვენი ანალიზი: ნოემბერი გვაჩვენებს თუ როგორი ხელისუფლების ღირსნი ვართ

მიხეილ ხოშტარია

31.10.2003

ეს სასარგებლოა

რედაქტორი სვეტი

Scroll to top