სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და ქვეყნის სათავეში პოლიტიკური იმპოტენტების თარეშის არ დაშევების თაობაზე, არ გამართლდა. პირიქით, ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვნად ვშორდებოდით და კომუნისტური ტიპის მონურ საზოგადოებად ვყალიბდებოდით. ის ილუზორული დემოკრატია, რაც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გვქონდა, როდესაც ქართული მედია, მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე დამოუკიდებლად იყო ცნობილი, სააკაშვილის ერთპიროვნული, თავგასული მმართველობის დროს, საკუთარი აზრის გამოთქმა არათუ მოქალაქეებს, თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირდათ.

როგორც ჩანს, ქართველები ზედმეტად ემოციური ხალხი ვართ, ეიფორიული. ასე იყო, როდესაც ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ. მაშინ მჯიღებს ვიცემდით და ემოციურად გავკიოდით, რომ არც გაზი გვინდა, არც ელექტროენერგია, არც კვება, არც . . ., ოღონდ კი დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა. ხოლო მოპოვებიდან 2–3 თვეში, ხელისუფლებას უამრავი პრეტენზია წავუყენეთ, რაც, სულ მცირე ხანში, სისხლიანი გადატრიალებით დასრულდა. თუმცა, ვერც მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიჩინა წინდახედულობა და პოლიტიკური სიბრძნე – ვერც შიდა, ვერც საგარეო პოლიტიკაში. ადვილად აჰყვა, ჩვენი ყველაზე სერიოზული მტრის, რუსეთის მიერ შემოგდებულ პროვოკაციას აფხაზეთსა და ოსეთში. მაშინ საფუძველი ჩაეყარა, ჯერ ომებს, შემდეგ კი ტერიტორიების ოკუპაციას.

სამოქალაქო ომი ყველაზე ბინძური, ყველაზე უზნეო ომია (ვითომ რომელიმე ომი შეიძლება იყოს ზნეობრივი, გარდა თავდაცვითი, იძულებითი ომისა) ყველა ომებს შორის. მან ყველა სიბინძურე, რაც კი გაგვაჩნდა, ამოატივტივა. სამწუხაროდ, ქვეყნის სათავეში, ეს სიბინძურე მოვიდა – „ტროიკის“ სახით. ამიტომ შევარდნაძის მოსვლა ქვეყნის სათავეში, ერთი შეხედვით შვებაც კი იყო. ეს იყო არჩევანი ძალიან ცუდსა და უარეს შორის. წინა ხელისუფლებისთვის დაგებული და მათი ახლომხედველობით გააქტიურებული ნაღმი, ამოქმედდა. სისხლისმღვრელი ომი და დე ფაქტო დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო მივიღეთ. ათეულობით ათასი დაღუპული საქართველოს მოქალაქე: ოსი, აფხაზი, უკრაინელი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ესტონელი, ქართველი და სხვანი, სამ ასეულზე მეტი ლტოლვილი საკუთარ მიწაზე.

ამას დაერთო უკიდეგანო კორუფცია, განუკითხაობა და . . . საქართველომ ახალი „მესიას“, სააკაშვილს მიანდო თავისი ბედი. რითიც დასრულდა უპასუხისმგებლო ამომრჩევლების (მათ შორის ჩემიც) იმედები, საყოველთაოდ ცნობილია: დე ფაქტო დაკარგული ტერიტორიების, წინასწარი განზრახვით თუ სიბრიყვით რუსეთისთვის დაკანონება, კანონების არნახული უგულველყოფა, საკუთრების უპრეცენდენტო ჩამორთმევა, ადამიანის უფლებების ცინიკური გათელვა, საყოველთაო შიშის დანერგვა, . . .

ასეთ ვითარებაში, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ჰორიზოტზე, მოქალაქეებისთვის მორიგი იმედის გამოღვიძებას გავდა. შემდეგ ყველაფერი შიშის ბორკილების მსხვრევაში და საძულველი ხელისუფლების ჩამოშორებით დაგვირგვინდა. ისევ საყოველთაო აყტკინება და . . . ერთ წელიწადში ჩვეული წუწუნი გაისმა: უმუშევრობა ვერ მოსპო, პენსიები არ მოუმატა, განათლება და ჯანდაცვა ისევ ფასიანია, დენის და გაზის ტარიფები უმნიშვნელოდ შეამცირა, ეს არ გამიკეთა, ის არ გამიკეთა. . .

სამწუხაროდ, ვერაფრით შევიგნეთ, რომ ბუნებას განვითარების ურყევი კანონები აქვს და იგი, მხოლოდ მავანთა სურვილით ვერ შეიცვლება. რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე, მის აწმყოსა და მომავალზე და ჩვენი ვალდებულებები მის წინაშე, საარჩევნო ბიულეტენის ყუთში ჩაგდებით არ სრულდება. სწორედ ამ დროს, თავად, საკუთარი ნებით ვკისრულობთ იმ ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენი რჩეულის პროგრამის, მისი დაპირებების შესრულებაზე, სამართლისა და კანონების უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, საკუთრების ხელშეუხებლობაზე,  სხვათა და სხვათაზე  მონიტორინგი, ხელისუფლების ყველა შეცდომისა და გადაცდომის სახალხო განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება ჰქვია.

ლირიული გადახვევა.   წარმოიდგინეთ, რომ ხართ ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის ან რომელიმე სპორტული გუნდის წევრი. მწვრთვნელის დანიშვნისა და კაპიტნის არჩევის შემდეგ, ორი შესაძლებლობა გაქვთ: ან თქვენც თავდადებით ითამაშოთ და დაჯაბნოთ მეტოქე ან მწვრთვნელის დავალება, კაპიტნის ვალდებულებად ჩათვალოთ და თამაშის ნაცვლად, კაპიტნის მცდელობას მიადევნოთ თვალი. მარცხის გამო კი გააკრიტიკოთ – ვერც თავდასხმაში ივარგა, ვერც დაცვაშიო. ამ აბსურდულობას ვგრძნობთ, ხოლო ზუსტად ასე რომ ვიქცევით ჩვენი დიდი, სასიცოცხლოდ აუცილებელი გუნდური თამაშის დროს – ვერა! ლირიული გადახვევის დასასრული.

დიახ, ჩვენ უნდა შევძლოთ, ჯერ მოსახლეობიდან მოქალაქეებად, ხოლო შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბება. სხვანაირად ყველა ხელისუფლება, რომელიც ახლა გვყავს და მომავალში გვეყოლება განწირული იქნება მესიად ქცევაზე, ხოლო მესიანიზმი რასაც შობს, რა ბოროტების მომტანიც არის ქვეყნისა და ხალხისთვის, ეს არაერთხელ ვიწვნიეთ. იქნებ დროა, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე.

ახლა ღამის ორი საათია. 31 ოქტომბერი თენდება. რომ გათენდება – არჩევნებია. ამ დღეს ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს და კარგად უნდა დავფიქრდეთ არჩევანზე, იმ პროგრამაზე, რომლის შესრულებაზე ჩვენც ვიღებთ ვალდებულებას. უნდა შევიკავოთ ემოციები და ცივი გონებით განვსაჯოთ, რა უფრო მნიშვნოლოვანი იქნება ქვეყნითვის. მერე რა, რომ გასხვავებული მოსაზრებები გვექნება. ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ოღონდ არგუმენტებით, ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, სამოქალაქო საზოგადოებად ვყალიბდებით. 

წარმატებებს გისურვებთ თანამემამულეებო, ყველას, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა იყოთ!

 

მიხეილ ხოშტარია

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო

ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე,

პორტალის www.caucasus.g  დამფუძნებელი დირექტორი

31.10.2013

ეს სასარგებლოა

რედაქტორი სვეტი

Scroll to top