2003 წლის 3 ნოემბერი - არჩევანი გაკეთდა, ახლა გამოჩნდება თუ როგორი ხელისუფლების ღირსი ვართ

ჩვენი ვარაუდით,  ოპოზიციამ გაიმარჯვა! კორუფციის, ძლადობის, უზნეობის ოპოზიციამ! ხმების თავხედური გაყალბების მრავალი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლება, როგორც ჩანს, იმაზე ნაკლებს აგროვებს, რასაც ვარაუდობდა. ასე დარაზმული და ერთიანი საზოგადოება ჯერ არ გვახსოვს. დარწმუნებულნი ვართ, რომ სულ რამდენიმე დღეში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს არჩევნების შედეგებს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვეძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება, საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიას. პოლიტიკური იმპოტენტების დრო მთავრდება. ქურდების, ყაჩაღების, მკვლელების წილი პარლამენტში მცირდება.

დიახ, ოპოზიციამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა უნიათო ხელისუფლებაზე, მაგრამ ახლა ჩვენს წინ მთავარი,  სერიოზული პრობლემა დგას– გამარჯვება საკუთარ თავზერაც გაცილებით უფრო ძნელი იქნება!

თუ გულწრფელები ვიქნებით, თავად ოპოზიციაც არ იმსახურებს საზოგადოების სრულ ნდობას. პარტიული შემადგენლობა, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის წარსული (არცთუ შორეული), მათი მრავალი ქმედება არ იწვევს სიმპათიას და გარკვეულ ეჭვსაც ბადებს. რომ არა ხელისუფლება, რომელიც თავისი უზნეობით, დაბალი პროფესიონალიზმითა და უზომო მომხვეჭელობით, ყველას ყელში ამოუვიდა, იქნებ არც ოპოზიციას ქონოდა ასეთი მხარდაჭერა (ცხადია, ცსკოს გაყალბებული მონაცემები არ გვაქვს მხედველობაში), მაგრამ საზოგადოებას სხვა გამოსავალი არ ქონდა– ან უნდა შეგუებოდა არსებულ რეალობას ან შეეცვალა კორუფციის კარგად აწყობილი მანქანა – მან მეორე ირჩია და ეჭვი გვეპარება, იოლად დათმოს ინიციატივა. საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება (და არა პოლიტიკური პარტიები და ბლოკები, თუ გინდ ოპოზიციური), რომლის დაბადება ასე გვიხარია, აღარ დაუშვებს ქვეყნის სათავეში პოლიტიკური იმპოტენტების თარეშს.

მიხეილ ხოშტარია

03.11.2003

ეს სასარგებლოა

რედაქტორი სვეტი

Scroll to top